შატბერდული ხელნაწერები


 

პარხლის ოთხთავი


პარხლის ოთხთავი — ქართული ხელნაწერი, დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (H-1453), შეიცავს 260 ფურცელს, ერთვის ანდერძი, საიდანაც ირკვევა, რომ ხელნაწერი შატბერდშია გადაწერილი იოანე ბერაის მიერ და შეუწირავთ პარხლის ახალი ეკლესიისათვის: „მე იოვანე ბერამან, მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა..." ძეგლი დათარიღებულია: „დაიწერა დასაბამითგანთა წელთა ხფოზ. ქრონიკონი იყო რჟგ". ხფოზ=6577 (6577-5604=973წ.); რჟგ=193 (780+193=973წ.).
პარხლის ოთხთავს 1889 წელს მიაგნო ექვთიმე თაყაიშვილმა და მის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა 1890 წელს წიგნში „სამი ისტორიული ქრონიკა". ხელნაწერი ინახებოდა სოფელ ზემო ჭალის მღვდელთან, ვინმე სუხიევთან (სუხიაშვილთან). ამ უკანასკნელის სიტყვებით სახარება მას გორიდან ჰქონდა წაღებული, იგი ეკუთვნოდა იბანე აბაშიძის ქვრივს. ვინაიდან მღვდელმა არ ინდომა სახარების გადაცემა, ეყვთიმე თაყაიშვილი მასთან დადიოდა და სწავლობდა ხელნაწერს. როგორც გაირკვა, სახარება გადაწერილი ყოფილა იმავე იოვაბე ბერაის მიერ, რომელსაც გადაუწერია შატბერდის კრებული, რაც საშუალებას იძლეოდა შატბერდის უთარიღო ხელნაწერის დათარიღებისა. მ. სუხიაშვილისის გარდაცვალების შემდეგ ხელნაწერს ვეღარ მიაგნეს. 1920 წელს ოთხთავი უნივერსიტეტში მიიტანა გერმანიის კონსულმა, რომლისთვისაც შესაძენად შეუთავაზებიათ ეს უკანასკნელი. პირი, რომელსაც განთქმული ოთხთავი თავისად მიაჩნდა, იძულებული შეიქნა უნივერსიტეტისათვის დაეთმო იგი. ასე გადაურჩა ეს ხელნაწერი უცხოეთში გაყიდვას.
პარხლის ოთხთავი ორ სხვა ხელნაწერთან ერთად გამოსცა აკაკი შანიძემ 1945 წელს.











ადიშის ოთხთავი


 დიშის ოთხთავი — ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, თარიღიან ოთხთავთა შორის უძველესი (897) ნუსხა. გადაწერილია კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში. ხელნაწერი ეტრატზეა შესრულებული (ზომა 30x25 სმ). ნაწერია მრგვლოვანი ხელით, ორ სვეტად. 1-5 ფურცელი შემკულია მინიატურებით. დაცული იყო ზემო სვანეთში, სოფ. ადიშში (აქედან - სახელწოდება). ამჟამად ინახება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.[1] ადიშის ოთხთავი რედაქციულად განკერძოებით დგას სხვა ოთხთავებისაგან. ძეგლში დაცულია მდიდარი ლექსიკა და თავისებური გრამატიკული ფორმები. ადიშის ოთხთავს კარგად იცნობენ და ინტენსიურად იკვლევენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში (ამერიკაში, ბელგიაში, გერმანიაში და სხვა). გამოცემულია სამჯერ: 1916 ფოტოტიპიური ტექსტი გამოაქვეყნა ე. თაყაიშვილმა, მეორედ 1926-1955 პარიზში ცალკე წიგნებად გამოსცა ამერიკელმა ქართველოლოგმა რ. ბლეიკმა (გამოცემას ახლავს ვარიანტები ოპიზისა და ტბეთის ოთხთავებიდან, აგრეთვე მთელი ტექსტის ლათინური თარგმანი). მესამედ გამოქვეყნდა 1945 სერიაში „ძველი ქართული ენის ძეგლები“.





                                                             ჯრუჭის ოთხთავი

 


ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერებიდან ჯრუჭის მეათე საუკუნის ოთხთავი უძველესი ქართული მოხატული ხელნაწერია ჯრუჭის მონასტერში დაცული კოდექსი თბილისში ექვთიმე თაყაიშვილმა 1919 წელს ჩამოიტანა.
შატბერდის მონასტერში ოთხთავი 936 წელს, გრიგოლ მირდატის ძის დაკვეთით გადაუნუსხავთ, "დაიწერა წმიდა ესე სახარება შატბერდს, ელითა უცბად მჩხრეკალისა გაბრიელისითა."
იმ დროის გემოვნებისა და მოთხოვნის შესაბამისად სადა, მოურთავი ტექსტის სილამაზეს მხოლოდ მონოქრომული ასომთავრული განსაზღვრავს.
გადაწერიდან ოთხი წლის შემდეგ, 940 წელს, ხელნაწერი მინიატურებით მოუხატავთ. მხატვარ თევდორეს, რომელიც თავს "კამარათა მწერალს" უწოდებს სახელი დაფარულად, სარკისებრ წაუწერია საწყის გვერდზე.
ჯრუჭის ოთხთავი ტაო-კლარჯეთის მხატვრული სკოლის ნიმუშია. როგორც ჩანს, ამ მხარეში ადრეული პერიოდიდან არსებობდა ხელნაწერი წიგნისა და მათ შორის, ოთხთავის, მხატვრული გაფორმების ტრადიციაც.
მე-9-10 საუკუნეების ხელნაწერებში მინიატურები ტექსტის წინ, ცალკე რვეულში იყო თავმოყრილი. ჯრუჭის მხატვარი იმ დროისათვის ინოვაციურ, განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს: ოთხთავის მხატვრული სახე, მორთულობის განაწილება ამ შემთხვევაში მინიატურათა შესაბამის ადგილზე ჩართვას გულისხმობს. შემხვედრ ფურცლებზე, მახარებელთა ცალკეულ ფიგურებთან ერთად, ხელნაწერის დეკორის გამდიდრების მიზნით, სიუჟეტიდან აღებული ცალკეული სცენებიც ჩნდება: წმინდა მათესთან - ჩვილედი ღმრთისმშობლის გამოსახულება, წმინდა მარკოზთან - ბრმის, წმინდა ლუკასთან - ეშმაკეულის, წმინდა იოანესთან კი განრღვეულის განკურნება.
გაფორმების ტრადიციული ელემენტები - კვადრიფოლიუმი და კამარები - კი კვლავ ტექსტის წინაა წამძღვარებული.
სატიტულო კომპოზიცია ოთხყურა ჯვარი ე.წ. კვადრიფოლიუმი ეტრატის ბუნებრივ ფონზე მოწითალო-მოყვითალო ფერთა შეწყვილებული ზოლით იკვრება.
კამარები კი, სახარების წინ თავსდება და მდიდრულად დეკორირებული ხელნაწერის ფურცლებს ქმნიან. კესარიის ეპისკოპოსის ევსებიოსის (260-340 წწ.) სახელთან გაიგივებული საინდექსო სისტემა აწესრიგებდა ოთხთავის ოთხ კანონიკურ ტექსტში თანხვედრილი ადგილების დადგენას ლიტურგიკული წლის განმავლობაში.
რვა გვერდზე განაწილებული კამარების ნახევარწრიული და ნალისებრი თაღები მაღალ ბურჯებზეა გადატყორცნილი. მხატვარი ერთმანეთის გვერდით თამამად იყენებს როგორც იონიური, ასევე კორინთული ორდერის მარმარილოსებრ დაფერილი სვეტების იმიტაციას, აკანთის ფოთლის ორნამენტს. ქართული ხელნაწერი ამ გვიანანტიკურ ტრადიციათა გამომხატველ მოტივთა სიუხვით ქრისტიანული აღმოსავლეთის სამყაროსთან კავშირს ავლენს. ანტიკურობიდან მომდინარეობს მახარებელთა ტრიუმფალური თაღის ნიჟარისებრი ზედანიც.
განკურნების სცენათა მოკლე იკონოგრაფიული ვერსია გამორიცხავს თხრობით მხარეს; მინიატურები აღიქმება არა როგორც მოვლენა, არამედ როგორც სახარების, მისი მთავარი იდეის, ღვთაებრივი ძალის გამომხატველი.
ანტიკური ხანის არქიტექტურული დეკორი, მაცხოვრის ახალგაზრდა, უწვერული სახე, კომპოზიციების ლაკონიური სქემა, მახარებელთა ხელის მტევნის გადიდებული, ექსპრესიული ფორმა ადრექრისტიანული ხანის იკონოგრაფიასთან სიახლოვეს გვიმჟღავნებს.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ოთხთავის განკურნების სასწაულთაგან ორი - განრღვეულისა და ბრმის კომპოზიციები - ლიტურგიკული ხასიათისაა და აღდგომიდან სულიწმიდის მოფენამდე განკუთვნილ საეკლესიო საკითხავებშია ჩართული.
ჯრუჭის ოთხთავის მხატვარი უპირველეს ყოვლისა ნახატის ოსტატობითა და არტისტიზმით გამოირჩევა; მას თავისუფლად გამოჰყავს სხეულის მოხაზულობა, რთული რაკურსები, სამოსის მრავალრიცხოვან ნაკეცთა რთული დინება. მისი ფერადოვანი გამაც თავისებურია: დაუფერავ ეტრატზე გამჭვირვალე, აკვარელისებრი საღებავი თხელ ფენადაა დადებული. ოქროსა და ყავისფერის შეხამებით კი მეტად გამომსახველ, ექსპრესიულ სცენებს ქმნის.
მინიატურათა მხატვრულ-სტილური ერთიანობა, კონტურის ხაზის, ნახატის უპირატესობა ჯრუჭის ოთხთავის დასურათებაში მთელი სიცხადით გამოვლინდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий